Saturday, August 22, 2009

ჩვენს პატარას სცივა..

ჩვენს პატარას ცივა.
დილის 5 საათია, ცას სანახევროდ ვარდისფერი შეეღვარა. თხელი მოსასხამი შემოვიცვი და აივანზე გავედი. იდაყვები მოაჯირს დავაყრდენი, თავი გადავხარე, მარცხენა თვალთან ჩამოყრილი თმა მარჯვენა ხელით გავისწორე და შენ გადმოგხედე. ისევ მშვიდად წევხარ ლოგინში, ნათურის შუქი შენს შუბლს ანათებს. საწოლთან კოხტად ჩალაგებული ჩემოდანი დევს , ზიზღით შევხედე. საერთოდ, გიყვარს სიკოხტავე, ჩემსავით. ოთახშიც ყველაფერი მოწესრიგებულია, წიგნების გარდა... სად, რომელ კუნჭულში არ ნახავს კაცი მომეფანტულ წიგნებს.. გახსოვს, ალბათ, როგორ გვიყვარდა ლამაზი ყვავილების მოძებნა და მერე მათი გახმობა. წიგნებში იმ ფურცლებს შორის ვდებდით ხოლმე, რომლებზეც დაბეჭდილი სტრიქონები ყველაზე მეტად გვამახსოვრდებოდა. ახლაც იმ გამხმარ ყვავილებს ვეძებდი, ყველა წიგნი გადავქექე, რომ მეპოვნა..თითქმის ყველა ვნახე...თითქმის.

ჩვენს პატარას ცივა.
მუცელზე მჭიდროდ შემოვიხვიე ხელები,რომ გავათბო. შენც ასე მხვევდი ხოლმე ხელებს იქამდე... იქამდე სანამ ის გამოჩნდებოდა და ჩვენს ბავშვს თავის კუთვნილ სითბოს წაართმევდა. გახსოვს, როგორ ვიხსედით ამ აივანზე? მე შენს მხარზე ჩამოვდებდი თავს, შენ მუცელზე შემომაწყობდი თითებს , ჩემი თმის ბოლოებს კბილებში მოიქცევდი და უაზროდ ბევრს მეტიტინებოდი, როგორ ააგებდა ჩვენი პატარა პლასტმასის სათლებით ქვიშის კოშკებს, როგორ მოირბენდა ატირებული და ბუნჩულა თითებით გაკაწრულ მუხლს როგორ დაიფარავდა, როგორ ჩაბღუჯავდა ორივე ხელით ბამბის კანფეტს, როგორ მიუსკუპდებოდა გაბადრული სახით მერხს პირველ სექტემბერს.. მე მეღიმებოდა ხოლმე და თმას გიჩეჩავდი, შენი ხასიათივით ურჩ თმას.


ჩვენს პატარას ცივა.
გუშინ რომ გამომიცხადე, სახლიდან მივდივარო, გული შემეკუმშა. საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და თავი ჩავღუნე. ვერაფერი გითხარი, ვერაფერი, იმიტომ რომ თავში აზრები არ მომდიოდა. მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობდი, ბოლოს ისევ შენ გამომაფხიზლე, თავზე ხელი გადამისვი და პატიება მთხოვე. მერე ჩემოდანს დაავლე ხელი. აი,მახსენდება და ცრემლი დაუკითხავად , ცელქი ბავშვივით მორბის ჩემს ლოყაზე. მაგრამ არ ვიტირებ. შენ ისევ აქ ხარ , აღარ წახვალ. რატომღაც ახლა მომინდა, დაგხატო. შავ კალამს ვიღებ და შენი გამოსახულება ფურცელზე გადამაქვს. ისეთი აღგბეჭდე, შენ რომ ხატავდი ანიმეს გმირებს.

ჩვენს პატარას ცივა.
სულ მალე..სულ მალე მოევლიება ამ სამყაროს. იცი,ექიმმა თქვა, სამ დღეშიო. რა კარგია, რომ არ გაგიშვი, რომ აქ ხარ. სამი დღეც და მე,შენ და ჩვენი პატარა ერთად გავფრინდებით. იქ, სადაც არ არის სიცივე, იქ, სადაც ბევრი ლამაზი ყვავილია, იქ, სადაც ჩვენი პატარა ხშირად გაიცინებს, შენ ხშირად მოიმწყვდევ ჩემი თმის ბოლოებს კბილებშუა მე კი ხშირად აგიჩეჩავ თმას. ცივი დილაა, ისეთი ცივი, როგორიც ჩემ მიერ ჩარჭობილი დანა შენს გულში...

ჩვენს პატარას ცივა.



blog comments powered by Disqus
 

Finding Neverland Copyright © 2009 Girlymagz is Designed by Bie Girl Vector by Ipietoon