Saturday, August 22, 2009

ფრენისთვის...

ის დღე არაფრით გამიორჩეოდა სხვებისგან. რიჟრაჟისთანავე ჩემმა ტვინის ხვეულებმა სიგნალი მომცეს, რომ გაღვიძების ჟამმა მოაწია. რაკი სხვა გზა არ მქონდა, წამოვწიე თავი და ჯინსებში წავყავი ფეხი, თხელი მაისური გადავიცვი, ზურგჩნთა მოვიგდე, ყურსასმენები გავირჭე ყურში და ოჯახის წევრებისთვის ხმის გაუცემლად გავყევი სკოლის მრავალგზის გავლილ გზას, რომელიც იმდენად მომყირჭდა, მზად ვიყავი სხვა ქუჩებით მევლო და მარშრუტი დამეგრძელებინა...არა რა, რა მაგარი იქნებოდა ახლა ესპანეთში! სადმე ღია ცის ქვეშ, ჩემს ესპანელ მეგობრებთან ერთად ვიჯდე, გიტარაზე აწყობულ ესპანურ ცეცხლოვან მელოდიებს ვუსმენდე...მერე ეგ ცეცხლი ჩემს თვალებში აირეკლებოდა , ჩემი თვალებიდან კი - ცაზე და ვარსკვლავებად გამოჩნდებოდა... ნელი სიო დაუბერავდა, ჩემი დატალღული თმის ბოლოებს აშლიდა და ალერსიანი შეყვარებულივით ნაზად მომეფერებოდა ტუჩებზე...
ვინ გაცდის ოცნებას, ჩემმა ძმაკაცი შემაჯანჯღარა და საოცარი აღტყინებით მკითხა:
- უყურე გუშინ "ჩეს"? ( ოოოოხ, დათო შენი დაგეტოვებინე ჩემს ესპანეთში)
- აა,იმას, ჩე გევარაზეა რომაა? ბენისიო დელ ტორო თამაშობს ხოომ?
- კი, კი, ეგა. არ უყურე?
უკვე მეორე კვირა იყო, რაც ამ ფილმით ტვინს ბურღავდა...აი, მე არადა ცალ ფეხზე მეკიდა ეგ კუბელი ექიმი.
- ხოო...რავიცი...რას შვები შენ?
- რავიცი, ძმამ თხილამურები უნდა ჩამომიტანოს მალე გერმანიიდან...
- ვა, შენ რა მაგარი ძმა გყავს, ამას წინად ტამტამიც ხომ გაჩუქა
მეც მინდა ასეთი დედმამიშვილი...მაგრამ ძმა საერთოდ არ მყავს..დედაჩემს თავის შეწუხება აღარ უნდოდა.. თორემ რა იცი, რა ხდება, იქნებ ჩემი ძმა ესპანეთში წასულიყო საწავლებლად, ვინ იცის...


კლასში შევედი, ჩემს მერხთან ბიჭების ბირჟა ბუზღუნით დავშალე და კუთვნილი ადგილი დავიკავე. ჩანთიდან ჩემი საყვარელი ბლოკნოტი ამოვიტანე. თითქმის ჩემი ყველა ოცნება დანაკუწებულ-დაჭრილი აქ იყრიდა თავს... ეს 40 ფურცელი ჩემი პატარა ესპაენთს წარმოადგენდა... ალერსიანი თვალებით გადავშალე პირველი გვერდი, აი,ისეთი მზერით, ჩვილ ბავშვს რომ დასქცერის ახალბედა დედა, თან რომ ეშინია, არ გავაღვიძოო...უცებ ყველაფერი აბრჭყვიალდა, დაბზრიალდა, ერთმანეთში აირია და აიგლისა...გონს რომ მოვეგე, სახეზე ხელები მქონდა აფარებული, რაღაც გრილსა და რბილზე ვიწექი... ხელები რომ ჩავწიე, კვეთრმა ნათებამ მომჭრა თვალი... მზე იყო. წამოვდექი. ირგვლივ სიმწვანე და მთები გახლდათ...ტბის პირას ვიდექი. ნაპირთან ახლოს დიდი ქვა ეგდო, ცალი ფეხით შევახტი და მზერა მიმოვატარე ლანდშაფტს. ნამდვილად ის არის! კოვანდონგას ტბა. საიდან ვიცანი? ჩემს ბლოკოტში ზუსტად ეგ სურათი მეკრო პირველ გვერდზე... ჩემდა უნებურად გამეღიმა. ხელებით ღვთაებრივ სითხეს შევეხე, კოვადონგას წყალს! მერე ეგ სითხე ჩემს ტუჩებს, თვალებს და შუბლსაც ვაზიარე...
მსუბუქი სირბილით ბილიკს გავყევი და მალე ტრასამდეც მივაღწიე. მალე ალვარო გამოივლის, ჩემი მამობილი ქალაქიდან სოფელში მოდის... აი, უკვე ვხედავ მის ლურჯ მანქანას... ჩვეული ღიმილით ხელს მიქნევს და თავს ჰყოფს მანქანიდან:
- ¿cómo está usted, mi querido
- muy feliz papá y tú?
- He te espera desde hace mucho tiempo querida
- ahora estamos juntos
სიხარულისგან ღიმილი მაქსიმალურად მეწელება სახეზე... მამობილს ვეხუტები და წინა სკამზე ვთავსდები
- ესტელა ჩვენს თეთრ სახლში გველოდება, ჩემო გოგონა! ძალიან დიდხანს გვალოდინე, 17 წელს ეხუმრები?
სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავ და ხარბად ვისუნთავ ცხელ ჰაერს.


მალევე შევედით სოფელში. აქ იცით როგორი გზებია? ვიწრო, ქვაფენილებით მოკირწყლული და აღმართ-დაღმართოვანი. ქვებით ნაგები სახლებია ჩამწკრივებული ძალიან კოხტად... სოფლის სიღრმეში, ერთ პატარა,მაგრამ ძალიან ლამაზი სახლი დავლანდე. რა თქმა უნდა, მაშინვე ვიცანი. ამ სახლში ხომ მე, ალვარო და ესტელა ვცხოვრობთ. ახლა ესტელა ალბათ სამზარეულოში დგას, საყვარელ მელოდიას ღიღინებს და პაელას ამზადებს. იცის, რომ ეგ ჩემი საყვარელი კერძია, თანაც მსოფლიოში ვერავინ ამზადებს პაელას ესტელაზე გემრიელად, იმიტომ რომ ორივეს ერთი სამშობლო აქვთ, ეს ვალენსიაა. ალვარო მანქანას ამუხრუჭებს თეთრ ჯებირთან, მე მსუბუქად ვაწვები თეთრ გალავანს და ეზოში შევდივარ. 3 წლის რომ ვიყავი, ესტელამ აქ ბევრი პალმის ხე დარგო, ერთი ტერასასთან, ერთი კართან, დანარჩენები მთელ ეზოშია მიმმოფანტული. არ მომიტყუებიხართ, ჩვენი სახლი მართლა ლამაზია. კედლები თეთრია, სანახევროდ ქვისაა, სანახევროდ - შელესილი. ვარდისფრად შეღებილ ფანჯარას ღია ცისფერი ფარდები ლამაზად ეხამება , ფანჯრის ქვეშ დიდი ქოთანი დგას და შიგ ყვავილებიანი კატქუსი გაუხარებია ესტელას. სახლის თეთრ თაღებზე წვრილად მიიკლაკნებიან სუროს ფოთლები , იქვე საქანელა დგას... სახლის წინ აუზია, ცისფერი კედლებით , კუთხეებში დიდი საყვავილეები დგას... ჩემი საყვარელი შეზლონგი უცვლელად მხვდება.
ესტელამ როგორც ჩანს, კარის ჭრიალის ხმა გაიგო, ჩემთან მოირბინა და გულში ჩამიხუტა
- როგროც იქნა, როგორც იქნა, ჩემო გოგო!
მინდოდა, რამე მეთქვა...რამე კი არა, ძალიან ბევრი რაღაც მსურდა , მაგრამ სიხარულის ცრემლებმა ლაპარაკის უნარი წამართვეს, თავი ესტელას თბილ მკერდს მივადე და ისე ავქვითინდი, 5 წლის გოგო რომ ატირდება ხელიდან დავარდნილი ნაყინის გამო. ესტელა თითებს თმაში მიცურებდა და ნაზად მკოცნიდა თავზე. დედობრივი სიყვარული სუნი მძაფრად მცემდა და ნესტოები სიამოვნებისგან მებერებოდა. ალვარო შეუმჩნევლად მოგვეპარა, ხელი მოგვხვია და ოთახში შეგვიძღვა.
ესტელა პაელას მიუბრუნდა, დროდადრო ალერსია მზერას აპარებდა ჩემკენ, ალვარო საქმიანად ეძებდა კასეტას.
- აი,ვიპოვე, ჩვენი ქორწილის ვიდეო, - სახე გაუნათდა მამობილს.
- როგორ მაინტერესებს, ჩართე რა! - ვთხოვე.
ესტელამ გაიცინა და ისე აიქნია ხელი, კახელმა გლეხის ქალებმა რომ იციან.
ეკრანზე კადრები გამოჩნდა. ფართო მოედანი, ხალხით სავსე... გრძელი , ოვალური კიბე და კიბის წინ შადრევანი.. მაღლა ტაძარი მოჩანს... ესტელას ოქროსფერი თმა გორგალივით აუხვევია და დაუმაგრებია, სადა, მაგრამ ლამაზი თეთრი კაბა აცვია..ალვაროს მისი ხელი მუჭში აქვს მომწყვდეული და სიყვარულით სავსე თვალებით შესქცერის... ისეტი ამინდია, ისეთი ღრუბლები, ფრენას მოგანდომებს...ესტელაც ისეთი ჰაეროვანია,თითქოს ეს-ესაა, მაღლა აიწევსო. ვუყურებ ამ კადრს, მოჯადოებულივით ვარ..თითქოს ტრანსში..პაელას სურნელი, ესტელას ღიღინი,ალვაროს ჩემს მხარზე ჩამოდებული თავი და მათი ქორწილის კადრი რაღაც საოცარ სინთეზს ქმნის...

უცებ ზურგზე ვიღაცის ხელი მეხება. ეს ვინღაა?

- ეეეეე,სად დაფრინავ, ზარი დაირეკაა, იუჰუუუუ, კიდევ რამდენ ხანს უნდა უყურო მაგ ბლოკნოტს? - დათო ჩამყვირის ყურში...
- აუ, შემეშვი რა! ფრენა არა კონგლომერატი, დამანებე თავი!- შევუბღვირე ჩემს მტერს
- ჰო კაი, უი იმ teen.ge-ლმა გიორგიმ დაგისკანერა ეგ ფოტო, ვიღაცის ქორწილი როა გადაღებული სადღაც კიბეებთან, რაში გინდოდა ისე?
- ფრენისთვის...
blog comments powered by Disqus
 

Finding Neverland Copyright © 2009 Girlymagz is Designed by Bie Girl Vector by Ipietoon