Sunday, December 13, 2009

გამარჯობა, პატარავ!


გამარჯობა, პატარავ!


ახლა ალბათ სახლის კიბეზე ჩამოსკუპებული ფერად-ფერად კაბებს უკერავ შენს ბარბის, დროდადრო ჩამოყრილ ქერა კულულებს ისწორებ, აწეწილ-დაწეწილი რომ არის ხოლმე. მერე დედა დაგიძახებს, მოდი, ჭამეო.. შენ დაიჭყანები და გამობუშტული ტუჩებითა და ბუზღუნ-ბუზღუნით მიუჯდები მაგიდას და მრისხანე მზერას ესვრი. ის კი საქმიანად გამოიწვდის ჩანგლიან ხელს, რომ პაწია ტუჩები გახსნა და ჩაყლაპო ლუკმა...
ვზივარ ჩემს საწერ მაგიდასთან, სიცივისგან მობუზული და შენს გახსენებაზე მეღიმება... ყოველთვის ვამბობდი, რომ არასოდეს მომენატრებოდი,მაგრამ ახლა ძალიან მენატრები, პატარავ.
გახსოვს, ძალიან რომ წვიმდა... შენ გოგოებთან ერთად გინდოდა მარიკას სახლში ვიდეოკასეტებისთვის გეყურებინა,მაგრამ დედა არ გიშვებდა, ფეხებს დაისველებო. მაშინ მაიკომ აგიყვანა და ასე ხელში ატაცებული მიჰყავდი, ხვნეშითა და გაჭირვებით, ფეხი რომ აუსრიალდა და დაეცა. შენი გაადარჩენის მცდელობისას საშინლად იტკინა მუხლი, გაეჭრა და ახლაც ამჩნევია ის ნაიარევი.

გახსოვს, როგორ ბერავდა მთელი სამეზობლო შენს გასაბერ აუზს, რომელშიც მარტო შენ ეტეოდი,მაგრამ მაინც ყველა ბავშვს ერთი სული ჰქონდა, როდის გაიბერებოდა...

გახსოვს, როგორ ტიროდი, გოგოები რომ წავიდოდნენ სასეირნოდ და შენ დედა არ გიშვებდა, ისინი დიდები არიან , რა გინდა მათთანო.. აქვითინებული შევარდებოდი შენს ოთახში და ხელისგულებში თავჩარგული იცრემლებოდი. დედა დანანებით ამბობდა, რა ცუდია, უბანში შენხელა არავინაა, ყველა დიდიაო.

გახსოვს, ყოველ დღე ფანჯრიდან ლიანდაგებს რომ უყურებდი და იქ სიარულზე ოცნებობდი,მაგრამ არ გიშვებდნენ ხოლმე...

იცი, ამას წინად მე და მაიკო ვიყავით იმ ლიანდაგებზე და ვიხსენებდით..
ნინოს უკვე ანანო ჰყავს, მალე მეორე პატარაც ეყოლება... მონიკა ფოთში გაგვითხოვდა..ქრისტინა "მერიოტში" მუშაობს... ნანა საბერძნეთში წავიდა... მარტო მე და მაიკო შემოვრჩით უბანს..მაგრამ მალე , 5 თვეში მეც გავფრინდები ბუდიდან.. გტოვებთ შენ და მაიკოს..


ბიბლიოთეკაში ის სურათი აღარ ჰკიდია, ბორჯომში რომ დაგხატა ერთმა ბიძიამ.. ქერა , გაწეწილი თმა, ლურჯი კომბინიზონი და შავი ყელსახვევი რომ გიკეთია..

იცი , მე და შენ საერთოდ აღარ ვგავართ ერთმანეთს..
მე აღარ ვარ ქერა,
მე აღარ ვთამაშობ ბარბებით,
მე აღარ ვოცნებობ დიზაინერობაზე,
მე აღარ მგონია ბებია ბოროტი კუდიანი...
მე აღარ მინდა, სკოლაში ყველა ბიჭზე ძლიერი ვიყო, რომ ვისი ცემაც მინდა, ყველასი შემეძლოს.
მე აღარ ვარ შენ,
მაგრამ აბა , მამაჩემს ჰკითხე?!
blog comments powered by Disqus
 

Finding Neverland Copyright © 2009 Girlymagz is Designed by Bie Girl Vector by Ipietoon