ყველაზე საზიზღარ პერიოდში, ზამთარში დავიბადე! ხასიათიც შესაბამისი მაქვს: საზიზღარი, აუტანელი, ჭირვეული, ნერვების მომშლელი! მარტო მიყვარს სეირნობა. ჩავიცვამ ჩემს საყვარელ პალტოს, კაშნეს შემოვიხვევ და დავბოდიალობ ასე... თითები მეყინება, თვალები მიცრემლიანდება, ფეხებს ვეღარ ვგრძნობ, მაგრამ მერე რა? მაზოხიზმია ესეც ერთგვარი. რაღაც ასპექტში ყველანი მაზოხისტები ვართ. ყურსასმენებს გავირჭობ და მივხეტიალობ ქუჩებში, ხან ბორდიურზე ჩამოვჯდები სიგარეტის კვამლში გახვეული და მიმავალი მანქანების მძღოლების სახეებს ვაკვირდები და დავცინი. ჰმმ.. ცინიზმი მეტნაკლებად ახლობელია ჩემთვის. მერე ძვლებს სიცივის სუნი რომ აუვათ, სახლისკენ გავწევ. შესასვლელში ძალაუნებურად სარკეში ჩამეხედება.
ო, როგორ ვერ ვიტან ჩემი თავის შეხედვას! არ მომწონს, ძალიან არ მომწონს! მაგრამ ჩემი თვალები მიყვარს.. მე რომ მკითხოთ, ყველაზე ლამაზი თვალები მაქვს მსოფლიოში.. ეს, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუეა..თუმცა ვისთვის როგორ. მე მაინც ჩემი ნაცრისფერი თვალები მიყვარს და მხიბლავს.. ტირილისას ტაძარში დანთებულ სანთლებს რომ ემსგავსებიან. კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ უცოდველები არიან..
მაგრამ გული? გული სულ სხვაა.. ბევრს ისრუტავს ძალიან. სიყვარულსაც და სიძულვილსაც, წყენასაც და სითბოსაც, ცოდვსაც და სიკეთესაც..
პანდორას ყუთიცაა და ჯინის ლამპარიც.
იბერება ეს ბაყაყი,როცა წვიმს..ან თოვს.. იმიტომ რომ ვერ იტანს.
ამინდის პროგნოზს შევავლე თვალი. პლაზმურ ეკრანზე სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი მოსალოდნელ წვიმაზე საუბრობდა. ზიზღით დამებრიცა ტუჩები და გაღიზიანებულმა გამოვრთე ტელევიზორი. გვერდზე ვისკის ბოთლმა მომტაცა მზერა...
"ჯანდაბას! დღეს ჩემი დაბადების დღეა, არაფერი დაშავდება, მეც რომ დავბრუვდე ალკოჰოლით," - გამიელვა თავში
ყოველგვარი გრაციოზულობის გარეშე მოვიყუდე ბოთლი და მალე ისტერიული ხარხარი ამიტყდა.