ბავშვობა ცხოვრების საუკეთესო ხანაა, რომლის შენარჩუნება უნდა ეცადოს ადამიანმა თავის სულში. ეს შეძლო ფრანგმა მწერალმა და პილოტმა ანტუან დე სენტ-ეკზიუპერმა. იგი იყო პიროვნება, რომელიც თავის მსგავსს ეძებდა, ისეთს, რომელიც შინაგანად ბავშვი გახლდათ. მაქსიმ გორკის ცნობილი ფრაზას მინდა, რომ დავესესხო “ბავშვები დედამიწის ცოცხალი ყვავილებია”. ისინი ყველგან და ყოველთვის ეძებენ სილამაზეს და არა - მატერიალურ ფასეულობებს. ასევე იქცეოდა ეკზიუპერიც. ის თავის მოთხრობაში “პატარა უფლისწული” ამბობს,რომ ადამიანებს მოსწონთ სახლი, თუ ის ძვირადღირებულია, მაგრამ ლამაზი ყვავილებით მორთულობა მათთვის ფასეულობას არ წარმოადგენს. ეკზიუპერი ადამიანებს აფასებდა არა ფინანსური და სოციალური მდგომარეობით, არამედ იმით, თუ რამდენად ნათელი გონების პატრონები იყვნენ ისინი. ამ პიროვნების “ბავშვური” ხასიათი მასში ისეთ თვისებებს წარმოშობს, როგორიცაა გულახდილობა, მიამიტობა, გულკეთილობა, სილამაზისკენ სწრაფვა. ეკზიუპერი ხედავდა ცხოვრებით გაუხეშებული ადამიანებისთვის დაფარულს, იმას, რასაც მხოლოდ ბავშვები შეიცნობენ..
სხვა “დიდები” ყველაფერს მარტოოდენ თვალებით უცქერიან და არა გულით. მათთვის უცხოა ის სიწრფელე, რაც აქვთ ბავშვებს. ისინი რთულად, მძიმედ ცხოვრობენ და მატერიალურ პრობლემებში არიან ჩაძირულნი. ადამიანები საკუთარ თავში კარგავენ იმ ბავშვს, რომელმაც ისინი ბედნიერებამდე უნდა მიიყვანოს. მოთხრობის სხვა პერსონაჟები გულს უხურავენ სიყვარულს, გულწრფელობას, ამიტომ ხდებიან ასეთი გულქვები და მატერიალისტები.
ადამიანთა ორი ტიპის ჩვენებით ავტორს სურდა ეთქვა, რომ ადამიანებისთვის მთავარი უნდა იყოს სიყვარული, მეგობრობა, სილამაზე… საჭიროა, ერთმანეთს ისე დავუახლოვდეთ და ვემეგობროთ, როგორც ამას ბავშვები აკეთებენ. ყველაზე ღირებული ამ სამყაროში არის სითბოსა და სიყვარულის გაზიარება.